ამერიკის სავაჭრო პალატა ე.წ. „უცხოეთის აგენტების" კანონის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს

ამერიკის სავაჭრო პალატა ე.წ. „უცხოეთის აგენტების" კანონის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს. პალატის გამგეობა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს.

მასში ნათქვამია, რომ კანონის მიღებით უცხოური დახმარებით არსებული პროგრამები დაზარალდება, ასევე დაბრკოლდება ქვეყნის მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი და დაზიანდება როგორც საქართველოს რეპუტაცია, ისე საინვესტიციო გარემოს.


„პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას ეკონომიკურად, განათლების, ჯანდაცვის, საჯარო მმართველობისა და სხვა მხრივ. ეს პროექტები ემსახურება საქართველოს განვითარების საჭიროებებს და დაფინანსებულია საქართველოს მოკავშირეების მიერ. მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკუთვნება აკნინებს ამ პროექტების სანდოობას. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის ასეთ იარლიყზე და დაიხურება," - წერია მიმართვაში.


კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ თუ მთავრობას ამ ორგანიზაციების გამჭვირვალეობა მართლაც სურს, უფრო შესაფერი ზომა იქნებოდა, მაგალითად ფინანსური ანგარიშგების წესში შესულიყო ცვლილება.


„კანონი ასევე არ არის თავსებადი გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებთან. თანამედროვე დემოკრატიებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, უცხოელ ლობისტებს ხშირად მოეთხოვებათ რეგისტრაცია, მაგრამ ამ კანონების სამიზნე არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონები არ ეხება ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება.


უდიდესი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საერთაშორისო, დემოკრატიულ, საუკეთესო პრაქტიკას, გთხოვთ გაიხმოთ იგი შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ ვადებში,“ - წერს ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა საქართველის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.